მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » ქართული საქორწილო ტრადიციები - ხევსურეთი

ქართული საქორწილო ტრადიციები - ხევსურეთი

27 авг 2022, 14:03
სტატიები
136
0
ქართული საქორწილო ტრადიციები - ხევსურეთი

 

ტრადიციები ხანდახან გვახალისებენ, გვაკვირვებენ, ხანდახან შიშის შეგრძნებასაც გვიტოვებენ - მათ შორის საქორწილოც. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ხასიათი, მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქედან გამომდინარე, განსხვავებას ვხვდებით ჩვეულებებსა და ტრადიციებშიც.

 

წარმოგიდგენთ ხევსურულ საქორწილო ტრადიციებს.

 

ამ კუთხეში ქორწინება სასტიკად აკრძალული იყო ერთი გვარისა და ხატის შვილებში. ის, ვინც ამ წესს დაარღვევდა, ისჯებოდა თავის მოკვეთით. ხევსურები ქორწინდებოდნენ საკმაოდ გვიან ასაკში, იმ ადამიანზე, რომელთანაც აკვნიდან დაინიშნენ. როდესაც აკვნის ბავშვის დანიშვნა სურდათ, ვაჟის მამა, ქალის ბიძას აგზავნიდა ვერცხლის ფულითა და ძეწკვით, რომელსაც სარძლოს აკვანზე ჩამოკიდებდნენ.

 ხევსურებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა წარმომავლობას ე.წ. ჯიშიანობას და უჯიშობას. თუ ქალი უჯიშო კაცზე გათხოვდებოდა, ნათესავები მას მოკვეთდნენ, როგორც ჯილაგის შემარცხვენელს. იმ ოჯახებს, კი ვინც მათ შეიფარებდა, შერცხვენის მიზნით კარებზე კატას ჩამოუკიდებდნენ. 

 დანიშვნის შემდეგ ქალის და ვაჟის ოჯახი უნათესავდებოდა ერთმანეთს. ვაჟის მამა მოვალე იყო საპატარძლოს მამასთვის, ყოველწლიურად განსაზღვრული საჩუქარი და ძღვენი გაეგზავნა. ყოველ ახალ წელს ვაჟის ძმას ან დას, საპატარძლოსთვის უნდა მიეტანა „ბედის კვერი“.

 ქორწილის დღეებში ვაჟის მამა, ქალის მამას ორ ცხვარს უგზავნიდა. ერთი სოფლის წმინდა ადგილას, მეორე კი პატარძლის სახლში უნდა დაკლულიყო.

 პატარძლის დედა აცხობდა 2 ქადას. სოფლის გოგონები პატარძალთან მიდიოდნენ, საქორწინო კაბას აცმევდნენ და სოფლის ბოლომდე აცილებდნენ, სადაც ერთი ქადა უნდა ეჭამა. პატარძალი მშობლებთან ერთად უკან ბრუნდებოდა - ამის შემდეგ უნდა ეჭამა მეორე ქადა.

 სასიძო, სამი დღის შემდეგ, პატარძლის უნახავად სახლში უნდა დაბრუნებულიყო. ახალგაზრდა ქალი კი მთელი წლის განმავლობაში მამის სახლში რჩებოდა. ამ დროის განმავლობაში სასიძოს ქალის ოჯახში კი არა, მის სოფელში მისვლის უფლებაც  არ ჰქონდა.

 ერთი წლის შემდეგ, კაცს შეეძლო უახლოესი ნათესავი გაეგზავნა, რათა „დანიშნული“ მოეყვანა., ამ დროს მოჰყავდათ ხევისბერი, რომელიც წარმოთქვამდა ლოცვას და ქალ-ვაჟის ტანსაცმელს ნემსით და ძაფით ერთმანეთს ამაგრებდა. როგორც მათი ქორწინების ნიშანს. ვაჟის დედა საქორწინო საწოლს გაშლიდა და ახალგაზრდა წყვილს ლოცავდა: „გიცავდეთ ჯვარი, გაიხარეთ და დაბერდით ერთმანეთის სიყვარულში“ - ასე იწყებოდა მათი პროზაული ცხოვრება.

 სირცხვლად ითვლებოდა სხვისი თანდასწრებით ერთმანეთისთვის შეხედვა, ქორწინებიდან სამ წლამდე შვილის ყოლაც, რასაც ხევსურები მკაცრად იცავდნენ.

 როგორც სჩანს, გვიან პერიოდში, ხევსურული ჩვეულებით, შესაძლებელი იყო ცოლის გამოსაცდელი ვადით შერთვაც. ამ ტრადიციის შესახებ ინფორმაციას ვპოულობთ ვაჟა-ფშაველას ჩანაწერებშიც. გთავაზობთ ამონარიდს:

 „ხევსურების ჩვეულება ცოლის შერთვის შესახებ უფრო საკვირველია, ვიდრე ფშაველების წაწლობა. ვთქვათ, მოეწონა ხევსურს ქალი და უნდა მისი ცოლად შერთვა: ის გამოუცხადებს ქალს თავის სურვილს და თუ ქალიც დასთანხმდა, წამოიყვანს თავის სახლში. ჯვარისწერა ხევსურისათვის საჭირო არ არის. ქალი რჩება საქმროს ოჯახში ერთი წელი. ხევსური ერთს წელიწადს ინახავს ცოლს, ადევნებს თვალს, წვება კიდეც მასთან, მაგრამ "საშვილოდ" არა. ადევნებს თვალს, ქალი როგორ იქცევა სახლში, არის ნამუსიანი თუ არა. როდესაც დარწმუნდება, რომ დედაკაცი იმას მეუღლედ გამოადგება, მაშინ გამოუცხადებს ქმრობის სურვილს და  შეინახავს და შვილსაც იყოლიებს. თუ ერთი ჭკუაში არ მოუვიდა, გააგდებს და ახლა სხვას მოძებნის მის მაგიერად".


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.