მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის

როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის

14 апр 2022, 04:27
სტატიები
352
0
როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის

როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის
ქორწილი მხიარული და სასიხარულო მოვლენაა, რომელიც წესით, ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოხდეს. ქორწილის ორგანიზების პროცესში სამყარო თავდაყირა დგება, ამიტომ, მნიშვნელოვანი მომენტები რომ არ გამოგრჩეთ, უმჯობესია ყველაფერი პუნქტების მიხედვით განვიხილოთ.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში საჭიროა განსაზღვროთ ქორწილის თარიღი და განცხადება შეიტანოთ შესაბამის დაწესებულებაში.
შემდეგ ეტაპზე საჭიროა განსაზღვროთ სტუმრების რაოდენობა, ვისი დაპატიჟებაც გსურთ. სიაში შესაძლოა აღმოჩნდნენ ისეთი ნათესავებიც, რომლებიც მხოლოდ ერთხელ და ისიც ადრეულ ბავშვობაში გინახავთ. ამიტომ, თანხა, რომლის დახარჯვასაც აპირებთ ქორწილის სუფრისათვის, თავისთავად გამსაზღვრავს სტუმრების რაოდენობას.

შესაბამისად, სტუმრების რაოდენობა განსაზღვრავს იმ დარბაზს თუ ადგილს, სადაც სუფრა უნდა გაიშალოს. მთავარია - გემრიელი კერძები და თავისუფალი ადგილი საცეკვაოდ.

რაც შეეხება თამადას, საქართველოში ამის პრობლემა არასოდეს ყოფილა.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - რა ჩაიცვათ?


თუ მამაკაცები ამ საკითხს მსუბუქად უყურებენ, საპატარძლოებისათვის ეს მთელი ისტორიაა! დღეს საქართველოში საქორწილო კაბების ისეთი არჩევანია, რომ უამრავი რამ შეიძლება მოგეწონოთ, მაგრამ მხოლოდ ერთია საჭირო. ხანდახან ისეც ხდება, რომ კაბის შერჩევა უფრო ძნელი ხდება, ვიდრე ქმრის.

იმ შემთხვევაში, თუ კაბის შენახვა გინდათ და გსურთ იგი თქვენს შვილიშვილებს აჩვენოთ, კაბა უნდა იყიდოთ, თუ არა - შეგიძლიათ იქირაოთ. არჩევანი თქვენზეა.

საქორწინო ბეჭედი

ხოლო საქორწინო ბეჭედი ნამდვილად მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენთან უნდა იყოს. ამიტომ, მათი არჩევაც არ იქნება ადვილი. მათი ფორმა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ჩვენ მხოლოდ ოქროს ხარისხის შესახებ შეგვიძლია რეკომენდაცია გაგიწიოთ: ჩვეულებრივი ოქროს სინჯია- 585, ხოლო ბაჯაღლოსი - 750. თუმცა, სულ უფრო აქტუალური ხდება პლატინის ბეჭდები, მისი უპირატესობა კი ის არის, რომ იგი კარგად ექვემდებარება გაპრიალების პროცესს და ამიტომ იგი პრაქტიკულად სულ ახალივით იქნება.

საქორწინო კორტეჟი - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ორიგინალობა გამოიჩინოთ და ქორწილის დღეს მხოლოდ მეტროს საშუალებით გადაადგილდეთ, მაგრამ თუ სერიოზულად მივუდგებით საქმეს, ტრანსპორტის საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ყველა გოგონა ოცნებობს პრინცზე, რომელიც თეთრ ცხენზე იქნება ამხედრებული, თუმცა, თეთრი ლიმუზინიც არ უნდა იყოს ურიგო, ამიტომ, შეგიძლიათ იქირაოთ იგი. მხოლოდ ერთს გირჩევთ: მანამ, სანამ ფულს გადაიხდით, აუცილებლად მოინახულეთ და შეამოწმეთ მანქანა, რომლის ქირაობასაც ისურვებდით. ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს: მის მდომარეობას, სალონს, სუნს სალონში. კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს დააკვირდით, ზუსტადაა თუ არა მითითებული მიწოდების დღე და საათი. ამგვარად, შეძლებთ თავი აარიდოთ უსიამოვნო სიურპრიზებს ქორწილის დღეს.

დარჩა მხოლოდ მოსაწვევი ბარათები, რომლის შერჩევაც მხოლოდ თქვენ ორის გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი რჩევები ცოტათი მაინც წაგადგებათ ამ სახლაფორთო საქმეში. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება გისურვოთ!


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.