მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » ბებიები, რომლებმაც ქორწილი გაახალისეს

ბებიები, რომლებმაც ქორწილი გაახალისეს

29 апр 2022, 14:37
სტატიები
521
0
ბებიები, რომლებმაც ქორწილი გაახალისეს

  

ბებიების ურთიერთობა შვილიშვილებთან ყოველთვის განსაკუთრებული და აღმატებულია. მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი და ჩემი ბებიის ურთიერთობა ყველაზე განსაკუთრებული, ამაღელვებელი და სიყვარულით სავსე იყო.

13 წელი გავიდა ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანი ბებიაჩემი გარდაიცვალა. ზუსტად ვიცი, დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. ბევრჯერ მითქვამს, რომ კითხვაზე დედა უფრო მიყვარს თუ მამა, ბავშვობაში ჩემი პასუხი მქონდა - ბებია.

საათობით მეჭირა მისი ნაოჭიანი ხელი და ისტორიებს ვუყვებოდი. მაშინაც კი როცა ლოგინად ჩავარდა და ხმას აღარ მცემდა, მჯეროდა, რომ თუ გვერდზე მივუწვებოდი და ხელს მაგრად ჩავჭიდებდი, ჩემს გახსენებას შეძლებდა, მაგრამ არ ვიცი ახერხებდა თუ არა ამას.

სიმართლე გითხრათ ბევრი არასდროს მიფიქრია ჩემს ქორწილზე, არც იმაში ვარ დარწმუნებული ოდესმე მექნება თუ არა, მაგრამ თუ ოდესმე ასე მოხდება, ზუსტად იმას გავაკეთებ რაც ჯოშმა და მეგიმ საკუთარი ქორწილის დღეს მოაწყვეს.

 

ტრადიციული ქორწილი წარმოუდგენელია პატარა მეყვავილე გოგო-ბიჭების გარეშე, რომლებიც პატარძალს სიძისკენ მიმავალ გზაზე წინ მიუძღვიან.

ჯოშისა და მეგის ქორწილში კი ბავშვების ნაცვლად მეყვავილეები მათი ბებიები - 75 წლის ჯოისი და 74 წლის დრიუ იყვნენ. როგორც წყვილი ამბობს, ბებიებმა შეთავაზება თავიდანვე სიხარულით მიიღეს და მათზე უფრო მეტადაც კი ჩაერთვნენ საქორწილო სამზადისში. განსაკუთრებით კი მეგის ბებია, რადგან მისი შვილი 2013 წელს კიბოთი გარდაიცვალა, შესაბამისად პატარძალს არ ჰყავდა ადამიანი, რომელიც მას მენდელსონის მარშის თანხლებით სიძესთან მიიყვანდა. სწორედ ამიტომ მისი ბებიისთვის ერთდროულად მტკივნეული და მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი შვილიშვილისთვის ეს დღე მართლაც განსაკუთრებული და დაუვიწყარი ყოფილიყო.

 

ასეა, ყველა ბებია განსაკუთრებულად საყვარელია, ასე რომ თუ გაქვთ საშუალება და თუ თქვენი ბებიები დღესაც ცოცხლები არიან, უახლოეს მომავალში კი ქორწილს აპირებთ, უკვე იცით რომ თამამად შეგიძლიათ სთხოვოთ მას თქვენი მეყვავილე თუ არა, კაბის გამსწორებელი მაინც იყოს თქვენთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.

ხომ იცით, მოხუცებს სულ უფრო და უფრო სჭირდებათ, რომ თავი მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნონ. ასე რომ გამოიყენეთ დრო, ჩაეხუტეთ ბებიებს და უთხარით რომ ძალიან გიყვართ, თორემ წლების შემდეგ ადგებით და ჩემსავით იქნებით, მე დღესაც ვნატრობ რომ ბებო გვერდით მყავდეს, მივუწვე და ათასი ამბავი მოვუყვე, ჩავკიდო ხელი ნაოჭიან ხელში და დავიძინო ყველაზე ტკბილი ძილით.

მახსოვს, როგორ დამსდევდა ბებია ოთახიდან ოთახში და მთხოვდა, რძე დამელია. ვებუტებოდი, ვამბობდი რომ არ ვუყვარდი ასეთი საძაგლობის დალევას რომ მაიძულებდა. დილით ჩაისთან ერთად ნაზუქს მახვედრებდა, შუადღეს კი ტრადიციულად კაკაოს ისევ ნაზუქთან ერთად. ერთ დღეს დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი. მაგიდაზე ნაზუქი და ცხელი კაკაო დამახვედრა. ეს იყო ბოლო კერძი რომელიც ჩემთვის გააკეთა.

წლების გავიდა და უკვე დიდი ხანია აღარ მეკითხებიან დედა უფრო მიყვარს თუ მამა, მაგრამ ჩემი პასუხი არც წლების შემდეგ შეცვლილა.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.